ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ალექსანდრე პროკუდინის განცხადებით, ხერსონის რეგიონში, მარცხენა ნაპირზე წყალდიდობის და რუსული ტერორის გამო, სიტუაცია უკიდურესად რთულია.
”მარცხენა სანაპიროზე უკიდურესად რთული სიტუაციაა: ადამიანები იტანჯებიან არა მხოლოდ მაღალი წყლისგან, არამედ რუსული ტერორისა და იმისგან, რომ ოკუპანტებს არ აქვთ სურვილი, ხალხს დაეხმარონ", - განაცხადა პროკუდინმა.
მისი თქმით, დილის მდგომარეობით რეგიონში წყალდიდობის საშუალო დონემ 5 მეტრ 61 სანტიმეტრი შეადგინა. "ხერსონის ოლქის 600 კვადრატული კილომეტრი დაიტბორა, აქედან 32% მარჯვენა სანაპიროზე, 68% მარცხენა სანაპიროზე“, - განაცხადა მან.
პროკუდინმა აღნიშნა, რომ რუსეთის მუდმივი დაბომბვის მიუხედავად, წყალდიდობის ზონიდან ევაკუაცია გრძელდება.
"დილის 6 საათზე სახიფათო ტერიტორიები 1999-მა ადამიანმა დატოვა. ყველაზე მეტი - 1495 ადამიანის ევაკუაცია კორაბელის მიკრორაიონიდან განხორციელდა", - განაცხადა მან.
სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა დასძინა, რომ დროებითი დახმარების ცენტრებში მყოფი ადამიანები დაღლილები არიან, მაგრამ "უზრუნველყოფილი და გამოკვებილი".
საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, 08:00 საათის მდგომარეობით, დატბორილი ტერიტორიებიდან 1995 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, მათგან 103 ბავშვია.
"წინასწარი მონაცემებით, მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე სულ 20 დასახლებული პუნქტი და 2629 სახლი დაიტბორა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.