ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის ფარგლებში დაახლოებით 200 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღს მიაწვდის. ეს, კერძოდ, მოიცავს რაკეტებს HIMARS-ისთვის, - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა.
მისივე თქმით, პაკეტში ასევე შედის საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობა, ნაღმტყორცნები, ტანკსაწინააღმდეგო სისტემები Javelin.
აშშ-ის დახმარება უკრაინისთვის მხოლოდ აპრილში განახლდა. იარაღის მიწოდების პაუზა რამდენიმე თვე გაგრძელდა იმის გამო, რომ კონგრესში დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით წინააღმდეგობები იყო.
ბოლოს შეერთებულმა შტატებმა უკრაინას სამხედრო დახმარება 11 ივლისს გამოუყო. მისი ღირებულება 225 მილიონი დოლარი იყო.