კახეთში, სოფელ კაბალიდან გატაცებული გოგონა იპოვეს. როგორც მან პოლიციელებს განუცხადა, გამტაცებლები იარაღით აშინებდნენ და ცოლად გაყოლაზე უარის შემთხვევაში, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.
გოგონას ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ 24 წლის გამტაცებელი მამაკაცი იმალება და მას პოლიცია ამ დრომდე ეძებს.
"გოგოს ახალგაზრდა კაცი არ უყვარს, იმიტომ, რომ ის სწავლობს უნივერსიტეტში, ის სტუდენტია. თავის მომავალზე ფიქრობს და ამ ბიჭს ვერ იტანს.
ჩვენ ვცხოვრობთ 21-ე საუკუნეში, არ შეიძლება მოიტაცო ადამიანი, ცხოველი ხომ არ არის. ასეთი დამოკიდებულება 21-ე საუკუნეში ადამიანის მიმართ არ შეიძლება. ისინი მუდმივად იცვლიდნენ მისამართებს, ნაცნობებს, ნათესავებს. გამტაცებელი არ ვიცი, სად არის, პოლიციას ჯერ ინფორმაცია არ მოუცია", - განაცხადა გატაცებული გოგონას ბიძამ.
ლაგოდეხის სოფელ კაბალიდან 23 წლის გოგონა ოთხმა მამაკაცმა 28 ივლისს ძალის გამოყენებით გაიტაცა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე, თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.