დღემდე არ გვაქვს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მოგვცემს შედეგებს თუ რა კავშირი აქვთ მედიცინის მუშაკებს დამდგარ შედეგებთან. ამ კუთხით, არანაირი ქმედითი ღონისძიებები არ ტარდება. როდესაც სამი წელი მინიმუმ ექსპერტიზის დასკვნას ველოდებით, საუბარი ზედმეტია რაიმე სახის მართლმსაჯულებაზე, - ამის შესახებ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაცვლილი ფეხბურთელის ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ფეხბურთელის საავადმყოფოში გარდაცვალების საქმეზე ორ მნიშვნელოვან დასკვნას ელოდება ოჯახი.
"დღემდე არ გვაქვს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მოგვცემს შედეგებს თუ რა კავშირი აქვთ მედიცინის მუშაკებს დამდგარ შედეგებთან. ამ კუთხით, არანაირი ქმედითი ღონისძიებები არ ტარდება. როდესაც სამი წელი მინიმუმ ექსპერტიზის დასკვნას ველოდებით, საუბარი ზედმეტია რაიმე სახის მართლმსაჯულებაზე.
ჩვენ ველოდებოდით ორ მნიშვნელოვან დასკვნას, ერთი დასკვნა ეს არის კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნა, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი გახდა უკვე დასრულებულია და შედგები არის უარყოფითი, იმ კუთხით, რომ ეს ჩანაწერები არის განადგურებული", - განაცხადა ვასილ მამულაშვილმა.
გარდაცვლილის მამის თქმით კი, კლინიკაში არსებული ვიდეოკამერის ჩანაწერები, რომელიც გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მასალა იქნებოდა, მიზანმიმართულადაა წაშლილი.
"გოფოძემ სიცრუე მითხრა იმასთან დაკავშირებით, რომ არ ხდებოდა აღნიშნული ჩანაწერები და ვერ მოგაწვდითო. სინამდვილეში, ექსპერტიზამ სხვაგვარად დაადგინა ის გარემოება, რომ თურმე იწერებოდა, მაგრამ მიზანმიმართულად არის წაშლილი აღნიშნული სათვალთვალო კამერები, სადაც იქნებოდა ისეთი მტკიცებულებები, რომელიც გამოძიებისათვის ხელმისაწვდომი იქნებოდა.
მიზანმიმართულად გაანადგურეს მტკიცებულებები კლინიკის წარმომადგენლებმა", - განაცხადა გარდაცვლილი ფეხბურთელის მამამ გაიოზ ჩარკვიანმა.
20 წლის ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანი რესპუბლიკურ საავადმყოფოში 2022 წლის სექტემბერში გარდაიცვალა. ექიმებმა მიზეზად კორონავირუსი დაასახელეს, თუმცა ოჯახი აცხადებს, რომ საავადმყოფოში შეყვანის დროს, ახალგაზრდას ვირუსი უკვე დამარცხებული ჰქონდა.
ოჯახმა დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაატარა, რითაც დადგინდა, რომ 20 წლის ბიჭის გარდაცვალება ზედოზირებამ გამოიწვია.
საქმის მასალებით დგინდება, რომ პაციენტს 20 დღის განმავლობაში 530 ამპულაზე მეტი "ფენტანილი" და "მიდაზოლამი" გაუკეთეს, რაც ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნით სასიკვდილო დოზაა.
საქმეზე რესპუბლიკური საავადმყოფოს ექთანს პატიმრობა შეეფარდა. მას გამოძიება დოკუმენტების გაყალბებას ედავება.