ცოტა დრო გვაქვს, რომ გამოვიდეთ ამ გაყინული მდგომარეობიდან, დავუბრუნდეთ პარტნიორებს და დავაჯეროთ, რომ ჩვენ დავუბრუნდით ჩვენს გზას და ხელახლა უნდა გაგვიხსნან ყველა კარი, რომელიც დღეს ნახევრად მიხურულია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
"100 დღე ცოტაც არის და ბევრიც იმისათვის, რომ საზოგადოებამ თავისი სათქმელი თქვას. ჩვენ არ გვექნება ჩვეულებრივი არჩევნები, ეს არ არის საარჩევნო კამპანია, თუ არა მე, როგორც პრეზიდენტი აქ არ ვიქნებოდი. ეს არის ქვეყნის ბედის არჩევანი, ჩვენი მომავლის არჩევანია. ეს არის რეფერენდუმი. საქართველოს საზოგადოება არის ერთ მხარეს, მეორე მხარეს არის ხელისუფლება, რომელმაც ჩვენს მომავალს უზურპაცია გაუკეთა. არ შეიძლება ამაზე დავთანხმდეთ. გავერთიანდეთ, შევასრულოთ ქარტია, რომელსაც პარტიებმა მოაწერეს ხელი, ან ჯერ არ მოაწერეს ხელი და ეთანხმებიან. ძალიან ცოტა დრო იქნება არჩევნების შემდეგ იმისთვის, რომ შევასრულოთ ის, რაც იქ წერია. ცოტა დრო გვაქვს, რომ გამოვიდეთ ამ გაყინული მდგომარეობიდან, დავუბრუნდეთ პარტნიორებს და დავაჯეროთ, რომ ჩვენ დავუბრუნდით ჩვენს გზას და ხელახლა უნდა გაგვიხსნან ყველა კარი, რომელიც დღეს ნახევრად მიხურულია. ეს არის გარდაუვალი ამოცანა. სხვა გზა არ გვაქვს, სხვა ალტერნატივა არ გვაქვს. ბევრნი ვართ, ერთიანი, საქართველო გაიმარჯვებს.
დღეს გზა ევროპისკენ გაიყინა. ხელისუფლებამ ეს გზა გაგვიყინა. ამით გადაუხვია ქვეყნის კონსტიტუციას; ამით უარი უთხრა საკუთარ ამომრჩეველს. ვიყავი ნაწილი იმ კამპანიის, რომელმაც ჯერ "ოცნება" მოიყვანა სათავეში, მერე კი, მე ვიყავი საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატი. ყველა ეს კამპანია, ჩვენი საგარეო კურსი, ქვეყნის განვითარება იყო სწორედ იმაზე აგებული, რომ გვეშენებინა ევროპული სახელმწიფო. გადაუხვიეს ამ გზას და ჩვენ გაგვყინეს. დღეს რაც ხდება ნატოს სამიტზე, ის განცხადებები, რაც გაკეთდა, ის შეწყვეტილი დახმარება ჩვენი თავდაცვის ძალებისთვის, ეს არის სერიოზული საფრთხე ამ ქვეყნისთვის. დარჩა ცოტა დრო - 100 დღე. ეს დრო ცოტაც არის და ბევრიც იმისთვის, რომ საზოგადოებამ თქვას თავისი სათქმელი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ახალ სამოქალაქო მოძრაობაში "აირჩიე ევროპა" სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან გაერთიანებული. მოძრაობის მიზანია, ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველყოფისათვის საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი მოქალაქეების კონსოლიდაცია.