ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯოშუა ჰაკი აცხადებს, რომ აშშ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის პასუხად მუშაობს დამატებით ნაბიჯებზე, რომელიც მოიცავს "დახმარების პროგრამების პოტენციურ გადამისამართებას ან შეჩერებას, პოლიტიკური ჩართულობის გაუქმებას".
"6 ივნისს, ჩვენ დავუწესეთ სავიზო შეზღუდვები მმართველი პარტიის ათობით წარმომადგენელს, პარლამენტარებს და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან და მონაწილეობდნენ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში. ეს ნაბიჯები ემყარება ჩვენს წინა ქმედებებს, ისეთებს, როგორებიც იყო კორუმპირებული მოსამართლეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესება და ქართველი-რუსი ოლიგარქისთვის, FSB-სთან კავშირში მყოფი ოთარ ფარცხალაძისთვის ფინანსური სანქციების დაწესება.
ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ უწყებათაშორის კოლეგებთან დამატებით ნაბიჯებზე, ეს მათ შორის მოიცავს დახმარების პროგრამების პოტენციურ გადამისამართებას ან შეჩერებას და პოლიტიკური ჩართულობის გაუქმებას", - განაცხადა ჰაკმა კონგრესში, სადაც საქართველოსა და მოლდოვაში მოახლოებული არჩევნების კონტექსტში აშშ-ის პოლიტიკაზე მოსმენა მიმდინარეობს.