ჩვენ, პარტია "ახალი", "გირჩი-დროა" ვქმნით ერთიან საარჩევნო სუბიექტს და ვიბრძოლებთ ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, - ამის შესახებ "ახალის" თანათავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა.
"ამ პროცესში, რომელშიც ვიმყოფებით გვეკისრება ინდივიდუალური პასუხისმგებლობა ყველა იმ ადამიანს, ვისაც სურს, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ევროპულ, ანუ განვითარების გზას და რა თქმა უნდა, ვინ თუ არა პოლიტიკოსებმა ეს პასუხისმგებლობა განსაკუთრებით უნდა აიღონ თავის თავზე.
ეს მიმდინარე წელი გადის არჩევნებზე და ეს არავისთვის უცხო არ არის. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ერთი მხრივ, ამომრჩეველს, ოპოზიციურად განწყობილს ჰქონოდა მრავალფეროვანი არჩევანის გაკეთების საშუალება, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო კონტექსტის გათვალისწინებით, რომ არც ერთი ოპოზიციური ხმა არ დაკარგულიყო. ამ და სხვა მიზეზების გათვალისწინებით, მეც, რა თქმა უნდა, მოხარული ვარ, მიუხედავად იმისა, რომ არ იყო ეს ადვილი პროცესი, რომ ჩვენ, პარტია "ახალი", "გირჩი-დროა" ვქმნით ერთიან საარჩევნო სუბიექტს და ვიბრძოლებთ ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, არა უბრალოდ ცვლილებას ცვლილებისთვის ვეძახით უკეთეს მომავალს, არამედ რეალურად გვინდა, რომ ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ გახდეს ქართველი ხალხის და ქართველი ხალხი იყოს ჩართული პოლიტიკურ-საზოგადოებრივ პროცესში და მათ ჰქონდეთ თანასაკუთრების განცდა ამ პროცესში, ჰქონდეთ თანამონაწილეობის განცდა და მე ვფიქრობ, ეს საარჩევნო სუბიექტი შესთავაზებს საზოგადოებას გულწრფელ არჩევანს.
მე წარმატებას ვუსურვებ სხვა პარტიებს, რომლებიც დაჯგუფდებიან პოლიტიკურ პლატფორმაზე. ჩემთვის საერთო გამოწვევაა რუსული ოლიგარქიული რეჟიმი. მე ვფიქრობ, საზოგადოების დაკვეთაა, რომ ოპოზიციურ ამომრჩეველს რამდენიმე არჩევანი მაინც ჰქონოდა ოპოზიციურ ველზე. წარმატებები ყველას", - განაცხადა ნიკა მელიამ.
პარტია "ახალი", "დროა" და "გირჩი-მეტი თავისუფლება" ახალ პოლიტიკურ ალიანსს ქმნიან. ალიანსი არჩევნებზე 4 ნომრით იქნება წარმოდგენილი, სახელზე კი ჯერჯერობით მსჯელობენ.